კისისხევი

კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული

კისისხევი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1916 ადამიანი.
სოფლის სახელი საისტორიო წყაროებში მოიხსენიება, ხოლო კისისხევის ხეობა გეოგრაფიულ აღწერებში "კისკისას" სახელითაა შესული.  სოფლის სახელწოდებაც ამ ფაქტის დასტურად არის მიჩნეული.
ჰავა ზომიერად ტენიანია, ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია ნოყიერი ნიადაგი. სოფლის აღმოსავლეთით ჩამოდის მდინარე კისისხევი, რომლის სიგრძეა 37 კმ. გომბორის კალთიდან რამდენიმე ადგილზე წყაროს წყალი გადმოდის, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვიშა, კირქვა, თიხა. სოფლის დიდი რესურსია ფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წიფელი და მუხა.
სოფელი მდინარე კისისხევის გაყოლებაზე მცხოვრებთა ერთგვარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ძვ. წ. III საუკუნეში, როდესაც „ხევი“ წარმოადგენდა რეალურ ისტორიულ გეოგრაფიულ ერთეულს, კისისხევიც ასეთ ერთეულად განიხილებოდა.
VIII საუკუნემდე კახეთ-ჰერეთის სამთავროს წარმოქმნამდე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში. ეს პერიოდი წინაქრისტიანულ და ადრინდელ ქრისტიანულ ხანებს მოიცავს. ამის დამადასტურებელია სოფელში აღმოჩენილი ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხები. საფიქრებელია, რომ კისისხევი და მისი შემოგარენი კახეთში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრსაც კი წარმოადგენდა.
კისისხევს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების შემდეგაც არ დაუკარგავს ამ ხეობის ცენტრის მნიშვნელობა, მაგრამ ამჟამად იგი ადმინსტრაციულად კახეთის ქორეპისკოპოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. კისისხევი და საერთოდ მდინარე კისისხევის ხეობის დიდი ნაწილი, კახეთის და შემდეგ კახეთ-ჰერეთის სამეფოს არსებობის პირობებში, უშუალოდ კახეთის ქორეპისკოპოსის გამგებლობაში არსებული სამონასტრო მიწების რიცხვში შედიოდა და საქართველოს პოლიტიკური გართიანების შემდეგ, XI საუკუნიდან საეკლესიო ტერიტორიად განიხილებოდა. ამ დროიდან კისისხევი სვეტიცხოვლის მონასტრის მამულების შემადგენლობაშია. 
XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისათვის, თამარ მეფისთვის არასურველი მიქაელ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა მის ნაცვლად საეკლესიო და პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნა მწინგობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე, ვისაც სხვა მამულებთან ერთად, კისისხევიც უბოძა.
ერთიანობის ხანაში კისისხეხვი მცხეთის კათალიკოსის სახასო სოფელია. ძირითადად ასეთად რჩება იგი საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის შედეგადაც. თუმცა, XVI საუკუნიდან კახეთის სამეფოში, სვეტიცხოვლის კუთვნილ მიწებზე, აშკარად იწყება კახეთში მდებარე მონასტრებისა თუ კახელ ფეოდალთა შეტევა. ამავე ხანებში მოხდა კისისხევისა და მისი შემოგარენის ჭერმის საეპისკოპოსოს ფარგლებში მოქცევა. სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდო ჭერმის ეპისკოპოსმა, რომლის მოურავიც განაგებდა კისისხევში მის კუთვნილ მამულებს.
ჭერმის დაქვეითებასა და სამეურნეო დაცემასთან ერთად მეფე თეიმურაზ II-მ 1757 წელს გააუქმა ჭერემის საეპისკოპოსო, ხოლო ჭერემლის განკარგულებაში არსებული მამულები ალავერდელ, ბოდბელ და ნინოწმინდელ ეპისკოპოსებს გაუნაწილდათ. ამ ხანებიდან კისისხევი ალავერდელი ეპისკოპოსის ხელში გადავიდა. ამავდროულად, კისისხევის ყმა-მამულის ერთი ნაწილი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერისთვის ყოფილა შეწირული. ამ მამულებს „ქრისტეს საფლავის მიწებს“, ხოლო მთაზე მოსახლე გლეხებს „ქრისტეს საფლავის ყმებს“ უწოდებდნენ. ასეთად რჩებოდა ეს ტერიტორიები XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიც. მცირე ყმა-მამული კისისხევში - ალავერდელს, კახაბრიშვილებს, კახეთის სამეფოს მდივნებსაც ეკუთვნოდათ.
სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ამ ხეობის, ასევე მთელი კახეთის სათავდაცვო სისტემაში, განასაკუთრებით, საქართველოს პოლიტიკური დაშლილობისა და მძიმე, საგარეო ვითარების პირობებში. სოფლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის IV სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, კისისხევი ტფილისის გუბერნიიის თელავის მაზრაში შედიოდა.
სოფელ კისისხევში 63 ისტორიული ძეგლია. მათგან უძველესია V-VI საუკუნეების ღვთისმშობლის ჭალის სამნავიანი ბაზილიკა, კონდამაინის სამონასტრო კომპლექსი, კალო მიწების სამაროვანი, სხვა ეკლესია-სამლოცველოები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნაშთები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლების ნიშნებზე მიუთითებს.
მოსახლეობა ყოველი წლის 27 იანვარს აღნიშნავს "ნინოობის" ტრადიციულ დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი  ადმინისტრაციულ ერთეულში

ზაქარია ყარასაშვილი

 

ტელ: 570 709293
მობ: 599 92 82 28
E-mail: kisisxevi.telavi@gmail.com
 

სპეციალისტები

  • ნანა გიგაური - მობ: 577 62 09 41
  • მაია ფარეშიშვილი-ხუციშვილი - მობ: 577 951936


გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე