იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკრებულოს რეგლამენტის პროექტი განიხილა

20 მარტი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტის პროექტი განიხილა. პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია საკრებულოს უფლებამოსილება, სტრუქტურა, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები, მუშაობის ორგანიზაცია და საქმიანობის წესი.  

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 31 აგვისტოდან დაიწყო ადმინისრაციული წარმოება საკრებულოს რეგლამენტის ახალ რედაქციაზე, რომელიც გამოწვეული იყო ადგილობრივიო თვითმმართველობის კოდექსში გამოწვეული არაერთი ცვლილებით. გარდა ამისა, რეგლამენტის ახალ რედაქციაში საკრებულოს მიერ საკითხების განხილვის ეტაპზე გაიწერა თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესი. ნორმატიული აქტის პროექტი სამართლებრივი კონსულტაციისთვის გაიგზავნა საქართველოს მთავრობაში, საიდანაც მოვიდა საკონსულტაციო დასკვნა, რის საფუძველზეც რეგლამენტის პროექტში შევიდა ცვლილებები. პროექტი ამ სახით წარედგინება ბიუროს“, - განაცხადა სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილმა.

სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციებისა და უფრაქციო წევრების კომისიებში პროპორციული განაწილების ახალი კვოტების შესახებაც იმსჯელეს.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ალექსი ძულიაშვილი დატოვა დაკავებული თანამდებობა და ასევე გავიდა ფრაქციიდან. გარდა ამისა, აღნიშნული ფრაქცია დატოვა იმედა კევლიშვილმა, რაც გავლენას ახდენს კომისიებში ფრაქციის პროპორციულ წარმომადგენლობაზე. შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომისია განსაზღვრავს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს და უახლოეს სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს ბიუროს“, - აღნიშნა ლევან ბერძენაშვილმა.

გააზიარე