თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინეს. შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც მერიამ საკრებულოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინა, 24 763 800 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სამი მილიონი ლარით არის გაზრდილი. ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებამ 2019 წელთან შედარებით 1 800 000 ლარით მოიმატა, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 400 000 ლარით მეტია გამოყოფილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის საბიუჯეტო სახსრები 632 600 ლარით გაიზარდა, ხოლო სკოლამდელი განათლებისთვის კი 255 000 ლარით მეტია განსაზღვრული. 

ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. 

საკრებულომ ასევე დაამტკიცა 2020 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-ახალგაზრდულ პროგრამები.

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმაში და განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა.  დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის 34-და 41-ე განკარგულებებში ცვლილებების პროექტს, რომელიც სოფლებში ვარდისუბანსა და კონდოლში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას გულისხმობს. 

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უძრავი ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა.

 

 

გააზიარე