სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსება
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად.
ა) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.