თელავმა მუსიკალურ ფესტივალს ,,Amerikan Fine Arts Festival” უმასპინძლა

18 ივლისი, 2018

2018 წლის 12-18 ივლისს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მუსიკალური ფესტივალი ,,Amerikan Fine Arts Festival” ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს, მოსკოვის და თელავის სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებმა. 
17 ივლიის დასკვნითი კონცერტი გაიმართა, სადაც ფრანც შუბერტის, სერგეი რახმანინოვის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულეს ფესტივალის ფარგლებში შექმნილმა საფორტერპიანო ინტერნაციონალურმა ანსამბლებმა და მოსწავლეთა დუეტებმა. 
კონცერტის დასასრულს ფესტივალის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ლელა ონიანმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, რომელმაც სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 
ფესტივალის ორგანიზატორმა ვლადიმერ აგილინმა სიგელებით დააჯილდოვა მონაწილეები. სპივაკოვის ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ ჩოლოკიანმა და მასტერკლასების ხელმძღვანელმა ევგენია პალეიმ მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს, ისაუბრეს ღონისძიების მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ფესტივალის მასშტაბების გაფართოების სურვილი გამოთქვეს.

გააზიარე