სოციალურ და ძეგლთა დაცვის პროგრამებში ცვლილებები შევიდა

19 ივნისი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდა.

კომისიის წევრებმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, ნორმატიულ აქტში ცვლილების მიზანია ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებლად ფუნქციონირება და შესაძლებლობის ფარგლებში ბენეფიციართა განცხადებების დაკმაყოფილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური სახსრების მობილიზებას.

„2018 წელთან შედარებით სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგარამებზე მოქალაქეთა მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, შედეგად კი აღნიშნულ ქვეპროგრამებში გათვალისწინებული თანხა მთლიანად ამოიწურა. თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის მოძიება ვერ მოხერხდა, რის გამოც იგეგმება ზამთრის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების 150 000 ლარით შემცირება“, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებების პროექტზე დასკვნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგენს. 

გააზიარე