ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა

25 ნოემბერი, 2022

„თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი ბუნებრივია სრულყოფილად ვერ მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს, თუმცა ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და მივიღოთ ისეთი მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ეფექტური იქნება და მაქსიმალურად უპასუხებს სხვადსხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, - ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე განაცხადა.

თენგიზ მთვარელიშვილმა აღნიშნა, რომ კომისიებმა მთავარ საფინანსო დოკუმენტზე სიღრმისეულად იმუშავეს და საკრებულო მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დღეს  დაუბრუნებს. 

„ჩვენ ვმუშაობთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე. აღსანიშნავია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ინიციატივები. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ეხება, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ჩვენს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2023 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 2021 წლის დეკემებერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 6 მილიონ ლარზე მეტით აღემატება და 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება. პროექტის მიხედვით ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება იზრდება.

გააზიარე