ეკონომიკის კომისიამ მერიის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილა

21 აგვისტო, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებს პროექტები მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერძემ წარუდგინა. 

ერთ-ერთი პროექტი ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბის თელავისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელობამ თელავის მერიას მიმართა.

კომისიამ ამ ფორმით წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერს მიეცეს რეკომენდაცია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემისას შეირჩეს ქონების გადაცემის ისეთი ფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის  სასარგებლო გარიგების დადება.

კომისიამ  ასევე იმსჯელა ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის“ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ მშენობაში ფართის გამოყოფა დღის სოციალური ცენტრის განსათავსებლად და აქტივობების განსახორციელებლად.

გიორგი თვაბერიძის განმარტებით, საზოგადოების საქმიანობა ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ინტერესების განხორციელებას და ამასთანავე ის აქტიურად ატარებს სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს ბენეფიციარებისა და მოსახლეობისათვის, თუმცა ფართის არქონის გამო აღნიშნული აქტივობები ხორციელდება უნივერსიტეტის შენობაში, რის გამოც მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით გადაეცეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23.კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება, რომელსაც კომისიამ მხარი დაუჭირა.

გააზიარე