საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

8 აგვისტო, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხები.

პროექტები დეპუტატებს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქსოვრელიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარუდგინეს.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა ითვალისწინებს სოფელ წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელთან“ მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის თანადაფინანსებასა და საზედამხედველო მომსახურებისათვის თანხის გამოყოფას, რათა დროულად განხორციელდეს აღნიშნული პროექტი.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებას, სოფელ აკურაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვაზე 24 000 ლარის ნაცვლად დაიხარჯება 22600 ლარი და დარჩენილი ეკონომია ადმინისტრაციული შენობის ეზოში სველი წერტილის მოწყობას მოხმარდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ჯამში 7400 ლარი დაიხარჯება.

მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 

გააზიარე